ერთი გარდაცვლილი და სამი მოწამლული - ლენტეხის რაიონში მომხდარ შემთხვევას ადგილობრივები იხსენებენ. სოკოს ინტოქსიკაციით, სამი მამაკაცი ამ დრომდე, კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კიდევ ერთი მოწამლულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 64 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, უკვე გვიანი იყო.
საბოლოოდ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ასეთი მძიმე ინტოქსიკაცია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც ასევე მოწამლულია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, სამი სახეობის სოკო, ნიყვი, არყა და მიქლიო დაკრიფა, რის შემდეგაც მეგობართან მიიტანა და სამივე სახეობა მოამზადეს. კერძის მირთმევის შემდეგ, ოთხივე მამაკაცი მალევე გახდა შეუძლოდ.
„წამოწვა აქ, მაგრამ ცუდად რომ გამხდარა, გასულა მეზობელთან, ვინც უკვე მოუარა და გაუკეთა ყველაფერი. იმ გოგოს უთხრა, სვეტო ცუდად ვარო. სოკო ვჭამე, ეს მოუსწრია და ცუდად ვარო და იქვე ჩაკეცილა. მერე ცოტა ხანს კიდევ იყო იქ. მე მარტო არ ვიყავი, სხვებიც იყვნენო და ჩამოუთვალა ვინც იყვნენ,“ - ამბობს ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრი.
მეზობლის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოწამლულმა მამაკაცმა დახმარების მიზნით მიმართა, განუმარტა მისი ცუდად გახდომის მიზეზი და იმ პირების სახელები ჩამოუთვალა, ვინც მასთან ერთად, სოკო ჭამა.
„დაიძახა, გამოვედი და ცუდად ვარ გამოდი მიშველეო. რომ გამოვედი უკვე დავარდა ძირს და გამოვიძახე სასწრაფო. სასწრაფო ეგრევე მოვიდა, გაუწიეს დახმარება და ჩამოგვითვალა ვინც ახლდა თვითონ. მხოლოდ ამის თქმა მოასწრო და მერე გაითიშა“ - აცხადებს მეზობელი.
სოკო ექსპერტიზაზეა გადატანილია. ახლა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, კონკრეტულად რომელმა სახეობამ გამოიწვა ოთხი მამაკაცის მწვავე ინტოქსიკაცია. საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც.