20 ივნისის საქმე-ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აქციის 19 მონაწილე დააპატიმრა. მათ შორის არის აქციის მონაწილე ლევან ჯიქური, რომელიც სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში 2 კვირის წინ დააპატიმრეს. შს სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი მის დასაკავებლად დილით მივიდა, მაშინ როდესაც ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის 7 წლის ბავშვსაც ეძინა. ლევან ჯიქური ოჯახთან ერთად 15 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდა. 1 საწოლი, 1 გასაშლელი დივანი, კარადა და მცირე ავეჯი - სულ ეს არის რა 4 სულიანი ოჯახს გააჩნია. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა. ლევანის მეუღლეს ქრონიკული დაავადება აქვს, ასევე შშ მქონე პირია სარქისიანის დედაც.
ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმსჯელა და ბრალდებულს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ჯიქური წინასწარ პატიმრობის სასჯელს გლდანის ციხის იხდის.
8 000 ლარიანი გირაო და შინაპატიმრობა - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო გელაშვილი ერთადერთია, ვინც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ”შეაჩერე კორუფციას” მკვლევარი ვატო გელაშვილი იხსენებს, რომ სამართალდამცველებმა მოტყუებით დააკავეს. გელაშვილი ამბობს, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ რატომ იყო აქციაზე, მისი აზრით ეს გახდა დაკავების მიზეზით. ამბობს, რომ უდანაშაულოა და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიმდინარეობს მასობრივი დაკავებები.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აქციის 19 მონაწილე დააპატიმრა და აქედან 17-ს სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატები, რომელიც მტკიცებულებებს უკვე გაეცნენ, ამბობენ, რომ ყველა საქმე იდენტურია, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები არ დევს და მხოლოდ გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერებსა და სამართალდამცველთა ჩვენებებს ეყრდნობა.