4 ადამიანიდან, რომლებიც უბედურ შემთხვევას სასწაულით გადაურჩნენ, ამ დრომდე 2 დაშავებული ისევ კლინიკაში რჩება. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის მე-6-ე სართულიდან სატვირთო ლიფტი მგზავრების გადაყვანის დროს მოწყდა. დაშავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
საავადმყოფოში გადაყვანილებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს კიდურები აქვთ დაზიანებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ახალ გამოძიება უბედურ შემთხვევასთან ერთად, კიდევ ერთ საქმეს იძიებს. ჟურნალისტებს, რომლებიც ტერიტორიაზე მძიმე ინციდენტის გასაშუქებლად მივიდნენ მშენებლობაზე დასაქმებულები თავს დაესხნენ და კორპუსიდან ქვები დაუშინეს. შენობიდან ნასროლი ქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ოპერატორს მოხვდა და თავი გაუტყდა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ ობიექტის გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მეექვსე სართულიდან ლიფტის ჩამოვარდნის მიზეზი. სატვირთო ლიფტით ობიექტზე დასაქმებული მუშები და ბინის მეპატრონეები სარგებლობდნენ. ობიექტი, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა სამშენებლო კომპანია "გრანდ სითის" ეკუთვნის. კომპანია პასუხიმგებლობას მუშებს აკისრებს, სადაც აცხადებენ, რომ ლიფტი ექსპლუატაციაში შესვლამდე არ უნდა ჩაერთოთ. შემთხვევის ადგილზე დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებიც მივიდნენ.