17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - უკვე 40 დღეა, სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იკრიბებიან

საპროტესტო აქცია რუსთველის გამზირზე გრძელდება. უკვე 40 დღეა, სამოქალაქო აქტივისტები იქ გავრილოვის სისხლიანი ღამის გასაპროტესტებლად და მისი მთავარი შემოქმედის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იკრიბებიან.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოწყობილ სტუდიაში, გადაცემა "სირცხვილიას" სტუმრები, დღეს პროფესორი სიმონ ჯანაშია და ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი არიან. მსჯელობის მთავარი თემაა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და 20-21ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საუბარია იმ "წითელ ხაზებზე," რომლებიც საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი იყო და რომლებიც, დღემდე გამოიყენება სისტემის მიერ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად.

„სამწუხაროდ, მხოლოდ გახარია აღარ არის პრობლემა ახლა და ცოტა არა ადეკვატურიც არის მხოლოდ გახარიას გადადგომის მოხოვნა, ვინაიდან, ამასობაში ჩვენ მივიღეთ უკვე ჩამოყალიბებული ავტოკრატიული მმართველობა, ერთი ადამიანის შეუზღუდავი ძალაუფლება, რომელმაც უკვე პოლიტპატიმრების ძალიან დიდი რაოდენობა შექმნა ამ ქვეყანაში,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე საუბრობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე. 

„არის ღია მცდელობები, რომელიც გვაგონებს რეპრესიებს. ადამიანების შეყრა ციხეში წინასწარი პატიმრობის შეფარდება... აბსურდული მიზეზებით ადამიანების დაპატიმრება და წინასწარ პატიმრობაში დატოვება, მათ შორის პოლიტიკოსებისაც. ეს  ყველაფერი, ვხვდებით ყველანი, რომ კეთდება იმისთვის, რომ ისევ შეცვალონ ეს ისტორიული მოცემულობა,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

დღის ამბები