საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლის საკითხზე ბიუროს სხდომაზე ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა იკამათეს. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზალკალიანი "მინისტრის საათის" ფორმატში ისედაც დაბარებულია პარლამენტში, ოპოზიცია კი ზალკალიანის სხვა ფორმატში, საგარეო საქმეთა კომიტეტში მისვლას დაჟინებით ითხოვს.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სასათბურე პირობების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
"ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ ამ თვეში უნდა მოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინისტრი ფრაქციამ დაიბარა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. კომიტეტის მოსმენის რეჟიმი არის გათვალისწინებული რეგლამენტით და ის სხვა ფორმით ხორციელდება. თქვენ ახლა ეს გსურთ გადაიტანოთ პლენარულ სხდომაზე, სადაც ფრაქციას აქვს 10 წუთი, ორწუთიანი შეკითხვები და ძირითადი უმრავლესობა არის თქვენი ათამდე ფრაქცია. გარდა ამისა, მკაცრი არტახებით ვართ შეზღუდულნი. თქვენ გინდათ სასათბურე ვითარებაში მოიყვანოთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დაუშვა საკმაოდ მძიმე შეცდომა და ქვეყნისათვის სამარცხვინოდ დამთავრდა ის შეხვედრა ლავროვთან და შეიძლება ვთქვათ, რომ დაზიანდა ქვეყნის ინტერესები,"- განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატში დაბარებას გარკვეული დრო დასჭირდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ზალკალიანი "მინისტრი საათის" ფორმატში მოეწვიათ.
"საგარეო საქმეთა მინისტრი "მინისტრის საათის" ფორმატში მოვა უფრო ადრე, რათა უპასუხოს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთელი დეპუტატების კითხვებს, ვინც ამ პარლამენტში მუშაობს. სწორედ ამიტომ, გადმოვწიეთ და დავაჩქარეთ მისი მოსვლა პარლამენტში. კომიტეტი თქვენ შეგატყობინებთ როდის შედგება მისი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში მოწვევა. ამ მომენტში, ის იმყოფება მივლინებაში, რამდენადაც მე ვიცი, შესაბამისად, ეს თარიღი დასაზუსტებელია,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს პარლამენტში 15-დან 18 ოქტომბრამდეა დაბარებული.