18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
"ევროპული საქართველო" დიმიტრი გაბუნიას ახალ ბრალდებას უყენებს

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას, რომლის სახელიც შეწყალების სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, "ევროპული საქართველო" ახალ ბრალდებებს უყენებს. პარტიის ინფორმაციით, გაბუნიას ბიზნესპარტნიორი, რომელიც პროკურატურაში ამ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზეც იმყოფებოდა, შესაძლოა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაინიშნოს.

"საქმე გვაქვს პირდაპირ პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე. მას შეუძლია, რომ საკუთარი კანდიდატურები თავს მოახვიოს პრეზიდენტს, შესთავაზოს და შემდეგ შემოგვთავაზონ ჩვენ პარლამენტში. თუ ის დაკავებულია კადრების შერჩევით, ნეპოტიზმით, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხი, დაკავებულია თუ არა ის შეწყალების საქმეში რაიმე როლის შესრულებით. ამიტომ, პროკურატურას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, კარგად გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" მიაწოდა,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც იყვნენ. შეწყალებებმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მალევე, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

"ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საკითხებში არაუფლებამოსილი პირი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ერევა.

დღის ამბები