პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, უსამართლოა ოპოზიციის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი არაა ადამიანებზე ორიენტირებული იმ მოცემულობაშიც კი, როცა სოციალური დანახარჯები და თანხები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, იზრდება.
"თურმე ბიუჯეტი ყოფილა მოქალაქეების წინააღმდეგ და ინტერესების წინააღმდეგ დაგეგმილი. თურმე ის, რომ მომავალ წელს 800 მილიონი ლარი მოხმარდება კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას თუ არა, მათი ცხოვრების შემსუბუქებას, ეს ყოფილა მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი,"- განაცხადა ზოიძემ.
გიგა ბოკერიას შეფასებით, ის 800 მილიონი, რომელზეც ზოიძემ ისაუბრა, ხალხის ჯიბიდან მოდის და ხალხამდე არ მიდის.
"ცოტა ხნის წინ, ტელევიზიით ერთ-ერთ ტაქსისტს, რომელმაც თქვა მარტივი, მაგრამ თქვენთვის, ყველასთვის, ივანიშვილის გუნდისთვის გაუგებარი გზავნილი - ეს კაცი იყო მისული და იძახდა, მე ხომ არ გთხოვთ, რომ დამასაქმეთ, მომიარეთ, ჩემს ოჯახს ჩემ ნაცვლად მოუარეთ, უბრალოდ ხელს ნუ მიშლითო. ის 800 მილიონი ვისი ჯიბიდან ამოვიდა? ზუსტად მაგას გეუბნებით ჩვენ, ჩვენი გუნდი, "ევროპული საქართველო", რომ ძალიან დიდ ფულს ართმევთ ჯიბიდან იმ ხალხს, ვინც თვითონ ქმნის ამ დოვლათს. მერე გზაში ეს ფული იკარგება და ძალიან მცირე ნაწილი მიდის და ისიც არაზუსტად ყველაზე გაჭირვებულებთან, იმათთანაც არ მიდის. მაგრამ მთავარი არის ის, რომ დაუტოვეთ ამ ხალხს ეს მათ მიერვე ნაშოვნი დოვლათი,"- განაცხადა ბოკერიამ.