ფინანსთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფის ფორმატში დაგეგმილ სხდომაზე მიდის. საქმე ეხება მომავალი წლის ბიუჯეტში სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული სპეციალური პროგრამებისთვის საჭირო თანხებს.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ გვიან, ღამის 9 საათზეა დანიშნული.
ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მინისტრთან თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ექნება.
"შეიძლება ბიუჯეტი კარგად და სწორად იყოს გაწერილი, მაგრამ შემდეგ ეს სახსრები გამოიყენება ხოლმე საარჩევნო მიზნებისთვის. ამიტომ, ეს არის ძირითადი პრობლემატიკა და ამ თემების ირგვლივ გვექნება დისკუსია ფინანსთა მინისტრთან" - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ აპროტესტებს, რომ მათი პარტია ნდობის ჯგუფში არ არის.
"სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ვართ ნდობის ჯგუფში. ასე შეადგინეს რეგლამენტი და ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს და ჩვენ არ შეგვიძლია პრემიერ მინისტრის პასუხები, თუნდაც შევისწავლოთ ის მუხლები, რომლებიც არის გასაიდუმლოებული" - განაცხადა რომან გოცირიძემ.