18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა - როდის მივა საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარლამენტში ამ დრომდე უცნობია

კონკრეტული დრო როდის მივა დავით ზალკალიანი პარლამენტში სამთავრობო საათის ფორმატში ამ დრომდე უცნობია. ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ნიუ -იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა და რატომ დამალა ეს ფაქტი ხელისუფლებამ საზოგადოებისგან - ზალკალიანთან დეპუტატებს ძირითადი ეს კითხვები ექნებათ. ოპოზიცია ქვეყნის პირველი დიპლომატის მისვლას საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებულ ფორმატში ითხოვდა, თუმცა მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, მინისტრი არ უნდა იცილებდეს თავიდან დეპუტატებთან შეხვედრას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ოკუპანტს სახელმწიფოს წარმომადგენელთან საზოგადოების ზურგსუკან შეხვედრა.

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი არა პლენარულ სხდომაზე, არამედ კომიტეტზე მოვიდეს.

უმრავლესობის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტი ინფორმაციის მადევარი არ უნდა იყოს და დეტალურად იყოს ინფორმირებული ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ.

პარლამენტის გრაფიკზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. მისი თქმით, თუ კომიტეტის მოთხოვნა იქნება მინისტრი ამ ფორმატშიც მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები