დიმიტრი პესკოვის მიერ კურიერთან გაკეთებულ განცხადებებს თბილისში შეფასებები მოჰყვა. პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში რუსი ჩინოვნიკების რიტორიკა უცვლელია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმირ კონსტანტინიდის განცხადებით, რუსეთის პოზიცია ახალი არ არის, ამიტომ ამაზე განსხვავებული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„ჩვენი დამოკიდებულება და მზადყოფნა იცით საკითხის მიმართ, რაც კონკრეტული ქმედებებით დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში, სამშვიდობო ინიციატივებით და მისი პრაქტიკაში გატარებით“- აღნიშნა ვლადიმირ კონსტანტინიდიმ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის შეფასებით, ნატოს საკითხი ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს, მისი როგორც ევროკავშირის ელჩის პოზიცია კი გასაგები უნდა იყოს იმ მხრივ, რომ ევროკავშირის წევრების უმრავლესობა ნატოს წევრია.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, მას მოუწევს ხელის აღება საქართველოს კონტროლზე და ოკუპაციის დამთავრება.
"არ ვიცი რა კანონებზე საუბრობს პესკოვი, ასეთი კანონი არ არსებობს და ეს არის ცარიელი მუქარა, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ, როცა აღმოსავლეთ ევროპა შედიოდა ნატოში, როცა ბალტიისპირეთი შედიოდა,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ეს ყოველივე არის "დათბობის პოლიტიკის" შედეგი:
"ეს არის შედეგი იმ სამარცხვინო შეხვედრისა ლავროვთან, რომელმაც აჩვენა რუსეთს საქართველოს მზადყოფნა რომ წავიდეს კიდევ უფრო მეტ დათმობაზე, შემდეგი ნაბიჯი იქნება მოწოდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ამის შემდგომ კი ზეწოლა საქართველოზე ნატოზე უარის თქმაზე,"- აღნიშნა რომან გიცირიძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას შეფასებით, რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებმა საქართველოს ხელისუფლებას ხელი არ უნდა შეუშალოს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში:
"თანმიმდევრული ნაბიჯებით, ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე ვიაროთ წინ ჩვენი სუვერენული ინტერესების განხორციელების გზაზე,"- განაცხადა ხულორდავამ.
"კურიერმა" პუტინის პრეს-სპიკერს იმ მუქარის შესახებ ჰკითხა, რომელიც კრემლისგან მუდმივად ისმის, როდესაც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას აფიქსირებს. დმიტრი პესკოვი, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოქმედებას საფრთხეს უწოდებს. მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბლოკი კონფრონტაციისთვის შეიქმნა და მისი თქმით, თუკი საქართველო ამ ბლოკთან ასოცირდება, ამ შემთხვევაში, საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყება. პუტინის პრესსპიკერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანება მიუღებელია.