დავით ნარმანიას პარლამენტი ვერ ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა სემეკის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა გუშინ განიხილეს, აღმოჩნდა რომ პროცედურულად მისი დამტკიცება შეუძლებელია. პროცესი მას შემდეგ შევიდა ჩიხში, რაც "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სემეკის თავმჯდომარის წარდგენის უფლება არ აქვს.
"როგორც ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომპეტენციის და წერა-კითხვის ცოდნის სერიოზული პრობლემაა. პრეზიდენტს რისი უფლება აქვს და რისი არა ვერ არკვევენ. "ქართული ოცნების" პირობებში არაკომპეტენტურობა არავის გაუკვირდება, გუშინ იყო კიდევ ერთი მაგალითი,"- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის განცხადება კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, სუბიექტური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა და პრეზიდენტის ინსტიტუტზე იერიშის მიტანის მცდელობა:
"რეალურად ეს საკითხი არის კაზუსი, რომელიც არ შეიძლება განიმარტოს, როგორც კონსტიტუციის დარღვევა, არამედ ეს არის საკითხი, რომელმაც შეიძლება გააჩინოს ეჭვები ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ არ გაჩენილიყო დამატებითი შეკითხვები, აქედან გამომდინარე ეს საკითხი მოიხსნა კენჭისყრიდან"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.