"ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მედიას პარტიის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა წარუდგინა.
აღნიშნული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის შესახებ.
"ევროპულმა საქართველომ" თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე და მამუკა ვასაძე შეაფასა, ეს ის კანდიდატები არიან, რომელთაც დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს.
როგორ პარტიაში ამბობენ, ყველაზე ნორმალური ქულათა ჯამი შოთა გეწაძეს აქვს, თუმცა სტანდარტებს ისიც ვერ აკმაყოფილებს, ყველაზე ცუდი შეფასება კი მამუკა ვასაძეს აქვს.
"ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს სამი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები.
აღნიშნული შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10 ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად:
ა) 1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს;
ბ) 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს;
გ) 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.
"ევროპული საქართველოს“ შეფასების სისტემით მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აკმაყოფილებს, თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში 7-10 ქულას დააგროვებს.