ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მეორე დღეს მხარეები პირველ შეხვედრაზე წამოყენებულ საკმაოდ მწვავე საკითხებს დისკუსიის ფორმატში დაუბრუნდებიან. ოფიციალური თბილისი გახშირებული გატაცებების, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებისა და ბორდერიზაციის საკითხის წამოწევას აპირებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ ჟუნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხთა ჩამონათვალი ამ რაუნდისთვისაც საკმაოდ მწვავეა.
"ჟენევაში მთავარი თემის – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარდა, იქნება ის მოვლენებიც, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის, დაკავების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომელთა გამოც მნიშვნელოვნად დაძაბული ფონია შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე," – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, რა კონკრეტული შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნით ადრე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა, დარსალია აცხადებს, რომ ეს უკეთ რაუნდის დასრულების შემდგომ გამოჩნდება. მისივე თქმით, გაირკვევა, შეიცვლება თუ არა რაიმე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის ჩართვით. როგორც ცნობილია, ფორმატის შექმნის დღიდან ამ დრომდე რუსეთის სახელით ჟენევის მოლაპარაკებებში გრიგორი კარასინი იყო ჩართული, რომლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჟენევაში პირველად ჩავა სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო.
"წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ვნახოთ, ახალი ხელმძღვანელი ალბათ ახალ დინამიკას შემოიტანს, ამაზე უფრო ადვილი შეხვედრის შემდგომ იქნება საუბარი. დღის წესრიგში საკმოდ რთული საკითხები დგას. რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შესაძლოა, არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას," – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-ე რაუნდმა სოფელ ჩორჩანასა და ახალგორის პრობლემებთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.
"სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ამ დროის მანძილზე, რაც ჟენევის საერთაშორისო დისკურსიები მიმდინარეობს, რაიმე განსაკუთრებული და ხელშესახები წინსვლა გვქონდა, მაგრამ ეს არის ფორმატი, ერთადერთი ადგილი, სადაც პირდაპირ ველაპარაკებით რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს კონტროლს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ალბათ, დღევანდელი დღე ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც იქ არის შექმნილი, - იგივე სოფელ ჩორჩანასთან მიმართებაში, იგივე გადასასვლელებთან დაკავშირებით ახალგორის მიმართულებით,"- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 8 ოქტომბერს დაიწყო.