18 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
„წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი“ - ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიცია სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული "ქართული ოცნების“ წევრის ილია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, წარმოუდგენელია მსგავსი ბრალდებით ადამიანი თანამდებობას იკავებდეს.

"პროკურატურაც ადასტურებს, რომ არსებობს შესაბამისი საფუძველი იმისთვის, რომ ამ ადამიანს ბრალი წარედგინოს. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერი დედაქალაქის მერზეა, რომელიც ურწმუნო თომასავით ამბობდა, რომ არ სჯეროდა ამ ყველაფრის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომაც იმოქმედოს ადეკვატურად და მას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ახლა თადუმაძის უწყებამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი საკრებულოში,“ - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტის ინფორმაციით, მანდატის შეჩერებისთვის საკრებულოს უმეტესობის მხარდაჭერაა საჭირო.

„მანდატის შეწყვეტის პროცედურა არის საკრებულოს უმრავლესობაზე დამოკიდებული, შესაბამისად, საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა "ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატს შეუწყვიტონ შესაბამისი სტატუსი,“ -  განაცხადა  საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილემ დავით ჟღენტმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მანდატის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ დეპუტატს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ.

"ამ საკითხის დაყენების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია. პირს თუ წინასწარ აღმკვეთი ღონისძიება ან ადმინისტრაციული სახით პატიმრობა არ აქვს მისჯილი, ჩვენ არ გაგვაჩნია უფლებამოსილება, რომ შევუწყვიტოთ ან შევუჩეროთ მანდატი. ეს არის მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების სახეზე დამოკიდებული,“ - განმარტა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.

რამდენიმედღიანი ლოდინის, საპროტესტო აქციების, კატეგორიული მოთხოვნის და არაერთი მწვავე განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამთა თოდაძე დღეს დაზარალებულად ცნო. ბრალი წაუყენეს ჩინოვნიკსაც, რომელსაც ახალგაზრდა ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან კლინიკაში რჩება.

"ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავებიან,"  - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები