18 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ

იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს, ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ. ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებს. მათი ძირითადი კითხვები კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას ეხება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ კახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმის შანსი, რომ სასამართლოს მდგომარეობა დადებითად შემოეტრიალებინა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

"ევროპული საქართველო" განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას და ჩვენ მთელ საზოგადოებას ვაჩვენებთ თუ რა კანდიდატები ჰყავს წარმოდგენილი ივანიშვილის მორჩილ იუსტიციის საბჭოს. დამოუკიდებელი სასამართლო, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება - ეს გვჭირდება ყველა ჩვენგანს. სამწუხაროდ ივანიშვილს ჰქონდა შანსი, რომ შემოეტრიალებინა დადებითი მიმართულებით სასამართლო, მაგრამ ეს ასე არ გააკეთა. დაიმორჩილა, დაიქვემდებარა, გადაიფორმა ეს სასამართლო," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის წევრების ამოცანაა ყველა ის შეკითხვა დაუსვან მოსამართლეობის კანდიდატებს და საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გაჟღერება.

"კითხვები გვაქვს თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში როგორც ყოველთვის. ჩვენი ამოცანაა დავსვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც პარლამენტის წევრებს გვაქვს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ასევე თუ კი საზოგადოებაში არსებობს რაიმე ისეთი შეკითხვა, რომელიც უკავშირდება მათ მიერ განხილულ საქმეს ან ე.წ. გახმაურებულ საქმეს, ან ზოგადად მათ პროფესიულ საქმიანობას, ზოგადად მათ ბიოგრაფიას - ყველა ასეთ შეკითხვას ჩვენ გავაჟღერებთ," - აცხადებს ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები