თბილისი "აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს" უმასპინძლებს. ღონისძიება 22 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსების და ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან. უკვე დადასტურებული გვაქვს და ველოდებით უმაღლესი თანამდებობის პირებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მინისტრები და ვიცე-პრემიერები. საერთო ჯამში, მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატს ველოდებით. განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნები, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ."- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.