როგორი იქნება მომავალ საარჩევნო წელს პოლიტიკური მოცემულობა - 2020 წლის არჩევნებისთვის უკვე დაანონსდა რამდენიმე ახალი პარტიის შექმნაც, მაგრამ მთავარ ინტრიგად რჩება, ვინ ვისთან აპირებს თანამშრომლობას და რა იქნება მთავარი, რომლის ირგვლივაც პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან.
ახალ გეგმებზე უკვე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს" პარტიად უახლოეს ხანში ჩამოაყალიბებს.
"გამოვკვეთთ იმ ადამიანების გუნდს, რომლებიც ამ პარტიის ლიდერები იქნებიან,“- განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, პარტიის ლიდერთა შორის იქნება საზოგადოებრივი მოძრაობის ზოგიერთი წევრიც.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის რამდენიმე წითელი ხაზი არსებობს, ყველაზე მთავარი წითელი ხაზი კი არის პრორუსულობა.
„მომდევნო წითელი ხაზები კი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა,“- აღნიშნა ელისაშვილმა.
ანა დოლიძესთან მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე კონსულტაციებს ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან კობერიძე.
"თუკი ის გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს, მე მას განვიხილავ, როგორც ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს და პარტნიორს ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში," - განაცხადა კობერიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო რეფორმა თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და მისცემს რეალურ შესაძლებლობას, რომ პარლამენტში წარმომადგენლობა მოიპოვონ. თალაკვაძე ანა დოლიძის პოლიტიკაში შესაძლო შემოსვლასაც გამოეხმაურა, თალაკვაძე არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ანა დოლიძის სახით ხელისუფლებამ, შესაძლოა, "ხელოვნური ოპოზიცია" შექმნას:
"მე ვფიქრობ ის არის ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ოპონენტი ხელისუფლებისთვის, ეს გამოჩნდა მისი მუშაობის შედეგად იუსტიციის საბჭოში, ასევე მისი საზოგადოებრივი ცხოვრება და უფლებადაცვითი გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ის საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს პარლამენტში შესვლისთვის, ის იქნება საკმაოდ ძლიერი ოპონენტი," - აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვისთან და როგორ შეიქმნება კოალიცია, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. ჩუგოშვილი არ პასუხობს შეკითხვას, ვისთან ითანამშრომლებს "ქართული ოცნება."
"ამ ეტაპზე რთულია ამის თქმა, არ იქნება სწორი პასუხის გაცემა, რომელი პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას და რა პროცენტს აიღებენ, ამის ვარაუდი ახლა არის რთული," - განაცხადა ჩუგოშვილმა.
დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ზვიად ძიძიგური, თუმცა ადასტურებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში კოალიციას "ქართულ ოცნებასთან" შექმნის.
2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს ეკა ბესელია. ღიად რჩება საკითხი, დაბრუნდებიან თუ არა პოლიტიკურ ველზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.