ვინ დარჩება "ქართული ოცნების" რიგებში და როგორი სიით იქნება წარმოდგენილი სახელისუფლებო ძალა მომავალ წელს, ვინ ვისთან ითანამშრომლებს - ამ საკითხზე საუბრისგან, ჯერჯერობით, ყველა თავს იკავებს.
ანა დოლიძე პოლიტიკურ სივრცეში შესვლას აანონსებს. მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს. ერთ-ერთი, ვისთანაც ანა დოლიძე ნამდვილად ითანამშრომლებს "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი ლევან კობერიძეა.
პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმაც. საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი ქობალია ნოემბრის ბოლოს მიიღებს, იქამდე კი შესაძლო პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქობალიასთან შეხვედრას ადასტურებს ალეკო ელისაშვილი, თუმცა 2020 წლის არჩევნებს, სავარაუდოდ, დამოუკიდებლად, საკუთარი მოძრაობით შეხვდება.
უკვე ცნობილია, რომ არჩევნებისთვის ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გზები არ გადაიკვეთება. TBC ბანკის დამფუძნებელი საკუთარ პარტიას თვე-ნახევარში აფუძნებს, თუმცა შემადგენლობა, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია.
ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ჯერ კიდევ იდეის დონეზეა, მთავარი შეკითხვა დაფინანსებაა. უკვე გამოცდილი ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ, კონკურენტების შესასუსტებლად, სატელიტ პარტიებს დააფინანსებს. საპარლამენტო ოპოზიციაში ზუსტად იციან, რომ ასეთ პარტიებთან არ ითანამშრომლებენ.
მმართველი გუნდი 2020 წლისთვის ჯანსაღ კონკურენციასა და ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტებს ელოდება.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურს არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მოუწევს. იმის გამო, რომ ახალი კანონმდებლობა კოალიციებსა და ბლოკებს კრძალავს, "კონსერვატიული პარტია" ძალებს ცალკე მოსინჯავს.
ვიდრე ძველი და ახალი პოლიტიკური პარტიები 2020 წლისთვის გადალაგდებიან, პარლამენტმა კონსტიტუცია უნდა შეცვალოს. ახალი პარლამენტი ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემით დაკომპლექტდება.