პარლამენტი მინისტრების მოსასმენად ემზადება. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 5 მინისტრს ელოდებიან.
ფინანსთა, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების და საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტში წლის ბოლომდე მინისტრის საათის ფორმატში უნდა მივიდნენ. გრაფიკი უკვე დამტკიცებულია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განმარტებით, ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან კითხვები რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ექნება.
"სადაც არ უნდა მოვიდეს ზალკალიანი, პლენარული სხდომა იქნება თუ კომიტეტის სხდომა, მასთან უმწვავესი შეკითხვები გვექნება. პირველ რიგში, რუსეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ცნობილ შეხვედრას და გარდა ამისა, ზოგადად, ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე რომელიც ყოველდღიურად ჩიხში შედის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, მინისტრები საპარლამენტო კომიტეტზე მოსვლას თავს არიდებენ, რათა მწვავე კითხვების იგნორირება მოახდინონ.
"პრინციპული დიპლომატია უნდა იყოს გასაღები რუსეთთან ურთიერთობაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეფექტურები ვიყოთ. რაც შეეხება, მეორე მინისტრს, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" კომიტეტზე დაიბარა, ეს არის ივანე მაჭავარიანი. სამწუხაროდ, მინისტრები თავს არიდებენ კომიტეტზე მოსვლას და ცდილობენ პლენარული სხდომის დარბაზში, "ქართული ოცნების" უმრავლესობასთან ერთად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში იყვნენ, სადაც იგნორირებას უკეთებენ ოპოზიციის კითხვებს,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
პარალელურად "პატრიოტთა ალიანსი" საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით იბარებს. დავით ზალკალიანს ფრაქცია კითხვებს დავით გარეჯზე დაუსვამს.