"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მისთვის გასაგებია საპატრიარქოს სიფრთხილე, რომელსაც ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს ეხება, თუმცა გაუგებარია, მმართველი გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. მისივე შეფასებით, ისტორია და სიმართლე ცალსახად უკრაინის ეკლესიის მხარესაა.
„მე ვფიქრობ, რომ ისტორია და სიმართლე ცალსახად არის უკრაინის ეკლესიის მხარეს და ეს არის პროცესი, რომელსაც ვერაფერი, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს. ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებამ აღიარების შესახებ, ასევე გამოაჩინა მსოფლიო პატრიარქის პოზიციამაც. ამიტომ ეს არის პროცესი, რომელიც მიდის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისი ადგილი, ვინაიდან უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ერი, რომელიც იმსახურებს მისი ქრისტიანული მიღწევების აღიარებას.
ამიტომ მე მესმის ერთის მხრივ, ის სიფრთხილე და გონიერება, რომელსაც საპატრიარქო იჩენს ამ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ არანაირად არ მესმის უკან დახევისა და ზედმეტად გადაჭარბებული სიფრთხილის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს, ვინაიდან განსხვავებით საპატრიარქოსგან პოლიტიკოსებს შეგვიძლია სრულიად მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ უკრაინას ქართველების მხრიდან ეკუთვნის გვერდში დადგომა და ავტოკეფალიის აღიარება არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.