ოპონენტების დევნასთან დაკავშირებულ საკითხს დღეს პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გამოეხმაურა და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაახსენა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპონენტებს ექცეოდნენ არა ისე როგორც მათ დაიმსახურეს, არამედ ისე, როგორც ქვეყანას ეკადრება. თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტები შეეცადნენ, ეს დამოკიდებულება ისევ მათ წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
"მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა და შემდეგი შინაარსის იყო, რომ ჩვენ ვიქცევით და მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება, ეს თანამედროვეობა შეეცადნენ, რომ ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რაც ძალიან ცუდია," - განაცხადა კალაძემ.
მერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა გვაქვს და ოპონენტების განცხადებები ამის ნათელი მაგალითია.
"მე მგონია, რომ ჩვენ პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში და ამის ნათელი მაგალითია ის ოპონენტები, ის განცხადებები ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ წინგადადგმულ ნაბიჯზე, ნებისმიერ რეფორმაზე, რასაც ჩვენ ვისმენთ და ვუყურებთ ყოველდღიურ რეჟიმში," - აცხადებს კახა კალაძე.