ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარდგენის ვადა დღეს ეწურება. რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, უკვე ცნობილი გახდება, ხელშეკრულება გაწყდება თუ სახელმწიფო მას გაახანგრძლივებს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გამართა.
"2019 წლის 10 ოქტომბერს ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებს ან კონკრეტულ ხედვებს და მისი შინაარსი სამწუხაროდ სრულად განსხვავდება გუშინ კონსორციუმის ხელმძღვანელობის მიერ გაჟღერებული შინაარსისგან. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მუხლზე მითითებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა შეგვიზღუდა როგორც წერილის გაჟღერების, ასევე მისი შინაარსის გაჟღერების ფაქტი. სამწუხაროდ ამავდროულად კონსორციუმმა თავად მოახდინა საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მოწოდება. სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მივმართავთ კონსორციუმს თავად გააჟღეროს და თავად გაასაჯაროოს წარმოდგენილი წერილი," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორების წარდგენის ვადა დღეს ეწურება. ხელშეკრულების ვადების შესრულების თაობაზე 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი .