18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
"ოპოზიციას რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ" - რომან კაკულია 2020 წლის არჩევნებზე

ირაკლი კობახიძის მიერ 2020 წლის არჩევნების პროგნოზთან დაკავშირებით განცხადებები უმრავლესობაშიც გაკეთდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პროგნოზი რეალური პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე გააკეთა.

"რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს და არითმეტიკას, ეს არის რეალური პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა ვაცნობიერებთ იმას, ვისთან შეიძლება მეტნაკლებად კოალიციაზე საუბარი, ვისთან არ შეიძლება. არის პარტიები, რომლებთანაც ჩვენ ვერ შევქმნით და არ შევქმნით კოალიციას, არიან პარტიები, რომლებსაც ჩვენთან არ აქვთ კოალიციის შექმნის სურვილი. შესაბამისად, ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ბატონი ირაკლი გამოთქვამდა თავის ვარაუდს, რა შემთხვევაში აქვს მომავალ პარლამენტს კოალიციის შექმნის პოტენციალი და რესურსი,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თვლის, რომ 2020 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოვა. 

"ზოგადად, მე თუ მკითხავთ, ისეთი ტიპის ცვლილებებია დაგეგმილი "ქართულ ოცნებაში", რომელზეც შეიძლება ბევრი არ ვისაუბრო და მეორე მხრივ, როგორც ვუყურებ როგორ მოძრაობს ოპოზიცია, მგონია, რომ სამწუხაროდ ისევ უმრავლესობაში მოვალთ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეს, მაგრამ მზაობას, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას ვერ ვხედავ," - განმარტა რომან კაკულიამ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ 2020 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45% ვერ მოაგროვა, სავარაუდოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დადგება.

 

დღის ამბები