საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინასაარჩევნო პროგნოზებს აფასებს.
ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მოსაზრებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" მაქსიმუმ 40%-ს აიღებს.
"სრულად ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმ ნაწილში, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს კოალიციის ფორმირებას. რაც შეეხება პროცენტების პროგნოზს, მის მიერ დასახელებული 45%-იც კი გადაჭარბებულად მეჩვენება. ჩემი შეფასებაა, რომ "ქართული ოცნების" მაქსიმუმი, მთელი ადმინისტრაციული რესურსის, მოსყიდვის და ყველაფრის გამოყენებით, არის დაახლოებით 40%-ის ფარგლებში. ეს ორი ფაქტორი ერთად, რომ კობახიძის განცხადებითაც კი, "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს 50%-ზე მეტის აღებას და ის ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას სხვებთან, პროპორციულ სისტემაში ნიშნავს იმას, რომ გვეყოლება ახალი ხელისუფლება იმ ოპოზიციური ძალებისგან შემდგარი, რომელსაც ჯამში ექნება 50%-ზე მეტი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, კობახიძეს პროგნოზის შეცვლა აიძულეს. მელია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას ოპოზიცია დააკომპლექტებს.
"დღეს გამოიყვანეს ადამიანი მისი ნების საწინააღმდეგოდ და ათქმევინეს უკვე 60%. უხერხულობაც აღარ ქვია ამ ყველაფერს. მე მტკივა ნამდვილად კობახიძე უკვე იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე თვალხილულად, საჯაროდ უწევს იმ ყველაფრის კეთება, რისი გაკეთებაც აღარ უნდა. მჯერა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, ჩვენ მოვახერხებთ მთავრობის დაკომპლექტებას "ქართული ოცნების" განზე დატოვების პირობებში. ძალიან მჯერა ამ ყველაფრის, ოღონდ ამისთვის არჩევნებამდე მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე თვლის, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ შანტაჟს მიმართა და მოსახლეობის პოლიტიკური კრიზისით დაშინებას ცდილობს.
"ეს არის ახალი "ბუას" შექმნის მცდელობა. მანამდე "ბუა" იყო მიხეილ სააკაშვილი თავის "საქართველოში დავბრუნდების" ძახილით, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებული დუეტი. ახლა ეს "ბუა" აღარ მუშაობს და ცდილობს "ქართული ოცნება", რომ შექმნას "ბუა" ნომერი ორი. ეს არის, რომ 45%-ზე ნაკლებს თუ ავიღებთ, მაშინ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნება. პირდაპირ ვიტყვი, რომ "ქართული ოცნება" ვეღარ ახერხებს პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას საზოგადოებისათვის და ასეთი პოლიტიკური შანტაჟის და ხრიკების მეშვეობით ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს მხოლოდ "ქართული ოცნება" არის ხსნა ქვეყნის მომავლისათვის,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.