პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო პროგნოზები არასაპარლამენტო ოპოზიციამაც შეაფასა.
"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვლის, რომ კობახიძის პროგნოზი ამომრჩევლის დაშანტაჟების მცდელობაა.
"ქართულმა ოცნებამ" თუ 45% ვერ მიიღო, რასაც ვერ მიიღებს, ის ხმები აორთქლდება? თუ ვიღაცა სხვა მიიღებს. თუ "ოცნება" ვერ იქნება უმრავლესობაში, ე.ი. სხვები ვიქნებით უმრავლესობაში. ანუ რას ამბობს, 45% ჩვენო, 10% ყველა დანარჩენს - "შენებას", "ლელოს", ყველას ერთად და 45% სააკაშვილს და პატრიოტებსო. ანუ, ამ ხიფათის და საფრთხის წარმოჩენის მცდელობაა, ქართველი ხალხის დაშანტაჟების მცდელობაა, რომ მოგვეცით ხმა, თორემ ან სააკაშვილი მობრუნდება ან ქაოსი დაისადგურებს ქვეყანაში,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის არჩევნებში ხმების უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ვერანაირი უმრავლესობით ვერ მოვლენ 2020 წელს პარლამენტში და ამას არიან შეგუებულები. ახლა რაღაც კონსტრუქციებს აწყობენ თავისთვის და რაღაც პოლიტიკური ნაცარქექიობით არიან დაკავებული. მართლაც, ყველა ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ ვერანაირი უმრავლესობა ვერ ექნება ვერც "ქართულ ოცნებას" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის შანსი საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომ ნორმალურმა პროდასავლურმა ძალებმა მეტი ხმა მიიღონ და ალტერნატიულ ძალებს მიეცეთ საშუალება, ეს ქვეყანა წინ წავიდეს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებში, მაქსიმუმ, 30%-ს მიიღებს.
"გამორიცხულია 45%-იც კი აიღოს "ქართულმა ოცნებამ", აბსოლუტურად გამორიცხულია, უბრალოდ ამის რესურსი მას არ აქვს. 35% თუ აიღო და 30%, ძალიან ბედნიერები იყვნენ ამით. შესაბამისად, ისინი ახლა ორი მიმართულებით მუშაობენ - ერთი, რომ მოტივაციას უქმნიან ამომრჩეველს, ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოვიდნენ. მეორე - აშინებენ ოპოზიციურ პარტიებს, თუ არ იქნება "ქართული ოცნება" იმ მდგომარეობაში, რომ თავად შექმნას კოალიცია, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება უკვე 5%-იანი ბარიერით,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებით, თუ 2020 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45% ვერ მოაგროვა, სავარაუდოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დადგება. დღეს კი კობახიძემ პირველადი ვერსია შეცვალა და საკუთარ გუნდს უკვე ხმათა 60%-ის მიღება უწინასწარმეტყველა.