პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ, ხმაურის ფონზე დაიწყო.
სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს სიტყვიერად "ევროპული საქართველოს“ წევრი თენგიზ გუნავა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ. თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი დეპუტატები არ აკონკრეტებენ.
"პირადულია და ამაზე საუბარი არ მსურს, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თუ ეს კადრი ნახა,“ - განუცხადა გუნავამ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, გრიგოლ ლილუაშვილმა საკუთარ მოხსენებაში ქვეყნის შიდა და საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განვითარების გეგმებზე და ქვეყნის მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია დაასახელა.
"ქვეყნის მთავარ გამოწვევას რუსული ოკუპაცია წარმოადგენს. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარსა და სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. აღნიშნულის მიუხედავად უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის, ეუთო-სა და გაერო-ს დახმარებით ადგილზე მუშაობას, არსებული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით," - აღნიშნა ლილუაშვილმა.
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაცია, ჩატაევის საქმე ეს იყო საკითხები, რომელიც ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები დაინტერესდნენ.
"როდის შემოვიდა საქართველოში ჩატაევი და მისი ჯგუფი და ამ შეკითხვაზე გაქვთ თუ არა პასუხი და ზოგადად რა პასუხგაუცემელი შეკითხვები დარჩა ამ დაგეგმილ ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით," - მიმართა "ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ლილუაშვილს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კი, ლილუაშვილს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე.
"სირიაში განვითარებული მოვლენები მსოფლიოში ყველაზე მთავარი თემა არის და ამ საკითხზე თქვენი შეფასება იქნება საინტერესო და რა კონკრეტული საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას საქართველოსთან მიმართებაში,“ - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა გრიგოლ ლილუაშვილს.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.