კამათი და დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტზე რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის თემის განხილვას მოყვა. სუსის უფროსის თანმდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებით კანონი არ დარღვეულა. ლილუაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკურ ინტერესზე მიანიშნა, გიორგი კანდელაკს კი უსაყვედურა.
რუსულ ოკუპაციაზე საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე მსჯელობით გაგრძელდა. როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, სიაში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება ქართული მხარისთვის რთულია.
დეპუტატებმა მას კითხვები თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე, აფგან მუხთარლის საქმესა და სირიაში განვითარებულ მოვლენებზეც დაუსვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა.
სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნას ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან.
მათი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის კადრია და მისი ხელმძაღვანელობის პირობებში სუსი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება. ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნოდ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ძალოვან უწყებებს საკუთარი კადრებით აძლიერებს.
გრიგოლ ლილუაშვილი ამ დროისთვის სუსი ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს, მანამდე კი უმრავლესობის დეპუტატის მანდატი ჰქონდა. იყო დედაქალაქის მერის მოადგილე და სხვადსხვა დროს მუშაობდა "ქართუ ჯგუფში".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტმა შესაძლოა ხვალ დაამტკიცოს.