ანაკლიის პორტი და კონსორციუმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დღეს ისევ განხილვის მთავარი თემაა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა სახელმწიფო დამატებითი მხარდაჭერის გამოხატვას ანაკლიის პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მთავრობა ისედაც მხარდაჭერას უცხადებს ამ პროექტს. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც არსებობს.
"ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაშიც კი არის მოხსენიებული. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე, არამედ ფინანსურ და იურიდიულ მხარდაჭერაზე, რომელიც უკვე გაღებულია ამ პროექტთან მიმართებაში. გამომდინარე იმ მაღალი რეიტინგებიდან, რაც კიდევ უფრო უმჯობესდება, მე ვგულისხმობ საინვესტიციო გარემოს, სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ,“ - აღნიშნა თურნავამ.