ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, ქართულ მხარეს წვრთნისა და შეფასებების ცენტრისთვის ავტოტრანსპორტი გადასცა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წვრთნებისა და შეფასებების ცენტრში ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიებში წასვლამდე მომზადების პირველ ეტაპს გადიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა:
"JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა, რომელიც, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, საქართველოს ეხმარება განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გაზარდოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობა და მოგვამზადოს ნატოს წევრობისთვის. JTEC-ის შეძენილი გამოცდილება ეროვნული, მრავალეროვნული და ნატო-საქართველოს სწავლებების მასპინძლობითა და განხორციელებით, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების საბოლოო მიზანს ნამდვილად ემსახურება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, როზარია პუგლისის თქმით, JTEC არის წარმატების მაგალითი, რომელიც დღითი დღე აახლოებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანთან:
"მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში, JTEC-ში მომზადება ათასობით ქართველმა და ნატოელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. JTEC არის წარმატების მაგალითი და ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის ხელშესახები შედეგი. ეს არის კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და დღითი დღე აახლოებს თქვენს ქვეყანას ნატოში გაწევრიანების მიზანთან," - განაცხადა როზარია პუგლისმა.