ოკუპანტების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესის განახლებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ამ უკანონობასთან დაკავშირებით:
"ოკუპანტების მხრიდან ჩვენ სასიკეთოს არაფერს არ ველოდებით, სამწუხაროდ, გრძელდება უკანონობა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხდება ე.წ მავთულხლართების გავლება, რაც არის, რა თქმა უნდა, გარდა უკანონობისა, აბსოლუტურად არაჰუმანური მიდგომა ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში. თავისთავად ცხადია, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია და ჩართული არიან ასევე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები და ვცდილობთ, რომ დროულად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.