18 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
უკანონო "ბორდერიზაცია" ატოცში - ქარელში არსებულ ვითარებას დეპუტატები ეხმაურებიან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში არსებული დაძაბული ვითარება, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო დემარკაციის პროცესი განაახლეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსასმენად პარლამენტის ნდობის ჯგუფი შეიკრიბა.

ოპოზიციის განცხადებით, რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების ქმედებებს ის არგაღიზიანების პოლიტიკა ახალისებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ აქვს:

"რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის მოიქცევა აგრესიულად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, ეცდება ქართული ტერიტორიების ხელყოფას. ამას სჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მტკიცე პოლიტიკური პოზიცია. პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს და ახალისებს მარიონეტულ რეჟიმებს და რუსეთის აგრესიულ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცონ საქართველოდან,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მძიმე მემკვიდრეობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდის წევრი ირაკლი სესიაშვილი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არჩევანი ომსა და მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკას შორის აქვს, საერთაშორისო საზოგადოების და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა კი მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკას აქვს:

"ის პროცესი, რაც ოკუპაციის შემდგომ გაგრძელდა, არის მძიმე მემკვიდრეობა. ჩვენ არჩევანი გვაქვს, ან ომით უნდა დავუპირისპირდეთ, ან საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით გავატაროთ მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკა, რასაც ვაკეთებთ და მიესალმებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ვითარება არაა მარტივი და ამ ვითარებაში ჩვენ ვიყენებთ მაქსიმუმს და ამას მე მგონი ყველა აღიარებს,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები