18 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ტერიტორიების მიტაცება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი - ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ოკუპაციის წინააღმდეგ, ტერიტორიების მიტაცება და ურთიერთობა რუსეთთან -  ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილს პარლამენტში, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

თითქმის ერთი საათია სახელმწიფო მინისტრს 2 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

აღსანიშნავია, რომ  ქეთევან ციხელაშვილის საკომიტეტო მოსმენა განახლებული უკანონო "ბორდერიზაციის" ფონზე მიმდინარეობს და პირველი შეკითხვა, ოპოზიციის მხრიდან, სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხებოდა.

თავდაპირველად "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა ციხელაშვილს 15 წუთი მაინც ესაუბრა აღნიშნულ საკითხზე.  

"რამდენიმე წუთი რომ დავუთმოთ საქართველოს მთავრობის აქტიურობას ასპარეზზე, თუკი ასეთი აქტიურობა არსებობს. 10-15 წუთი რომ დავუთმოთ ამ საკითხს," - მიმართა კანდელაკმა სხდომის თავმჯდომარეებს.

კანდელაკის ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კანონმდებლების ნაწილმა მიიჩნია, რომ არ იქნებოდა სწორი მედიის თანდასწრებით ღიად ესაუბრათ ამ თემაზე.

"15 წუთი შეგვიძლია ამ საკითხს დავუთმოთ, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ ამ დროის მანძილზე ერთი და იგივე საკითხზე ისაუბროთ. გვაცადეთ, რომ წარვმართოთ სხდომა," - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

"მაინტერესებს ქალბატონი ციხელაშვილის პასუხები იმაზე, თუ რა ხდება ამ წუთებში იქ, სადაც გვაინტერესებს რაც ხდება. ზუსტად, რომ დახურულ რეჟიმში, რადგან გავიგო ნორმალურად რა ხდება იქ და ისეთი შეკითხვები დავსვა, რა კითხვებსაც ვერ დავსვამ ღია ეთერში. ზუსტად, რომ ეს გვაინტერესებს და არა მატრაკვეცობა," - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ.

"სამუშაო რეჟიმი შევქმნათ ისეთი, სადაც ადგილი ამ დავას, რომელზეც მე მყარი და ძლიერი არგუმენტები მაქვს, რათა დავუპირისპირდე ოპონენტებს ვერ მოხერხდება 10 წუთში," - განმარტა გია ვოლსკიმ.

საბოლოოდ დეპუტატებმა კენჭი უყარეს საკითხს და სხდომა მედიისთვის დაიხურა.

დღის ამბები