დანიშნა თუ არა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ მისი ახლო ნათესავი - დღეს ამ თემაზე პარლამენტში კომენტარები დილიდან კეთდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლილუაშვილი ქვეყანაში არსებული ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, რაც მას არ აკვირვებს.
"თუ ნდობაზეა საკითხი, ვის უნდა ენდოს თუ არა ახლობელს. რა თქმა უნდა, სანდო ადამიანია და სანდოობის პრინციპით და დღეს საქართველოში მოქმედი ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. რა გიკვირთ? მე პირიქით გამიკვირდებოდა, რომ ღია კონკურსი გამოეცხადებინათ და მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი ჩამოეყვანა მოადგილედ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ არანაირ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიგა ნიკოლეიშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია და ის დიდი ხანია რაც არსებულ სისტემაში მუშაობს.
"ბიძაშვილია ნამდვილად? სხვა არაფერი არ აქვს იმ ადამიანს? ანუ მე არ ვიცი ვინაა, მაგრამ მას სხვა დამსახურებები არა აქვს სამსახურში? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რამდენად ბიძაშვილია თუ არა, მე რამდენადაც ვიცი ეს პიროვნება დიდი ხანია მუშაობს ამ სისტემაში და არის გამოცდილი. დანარჩენი დეტალები არ ვიცი. არ ვიცი ბიძაშვილია თუ არა და ვერ გეტყვით, თქვენ ამბობთ, რომ ბიძაშვილია და შეიძლება არც არის, შეიძლება ნათესავია, საქართველოში ბევრი ვიღაცა ერთმანეთის ნათესავია," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.