დღეს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს 4 საათზე მეტ ხანს უსმენდნენ. მინისტრის მოსმენა განახლებული უკანონო "ბორდერიზაციის" ფონზე ხდებოდა და დეპუტატების შეკითხვებიც სწორედ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. მინისტრის მოსმენა დახურულ სხდომის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სახელმწიფო მინისტრისაგან მიღებული პასუხებით ოპოზიციის ნაწილი უკმაყოფილოა. მათი განცხადებით, მთავრობას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს მმართველი გუნდი საერთაშორისო ასპარესზე საოკუპაციო პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად.
"იმაზე, რაზეც საჯაროდ უნდა შემდგარიყო საუბარი, დახურულ ფორმატში საუბარი საერთოდ არ შემდგარა. კითხვები გვქონდა, საერთაშიროსი ასპარესზე რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ცივილიზებული სამყაროს ყურადღება მოაპყროს რუსეთის აგრესიულ საქციელსა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ ამ საკითხზე და სხვა რატომ იაქტიურებს. როგორც გამოჩნდა იმიტომაც დახურა სხდომა, რომ სათქმელი მთავრობას არაფერი არ აქვს ," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა.
თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი, ისევე როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ მინისტრისგან განსაკუთრებით საყურადღებო ინფორმაცია მიიღეს და სხდომის დახურვა აუცილებელი იყო.
"სწორად დაიხურა სხდომა. იყო პრობლემა, რადგან შეფასებები და დამატებითი ინფორმაცია გაჟღერდა, რაზეც არ არის სასურველი ღია ეთერში ისაუბრო," - აღნიშნა "პარტიოტთა ალიანისის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ.
"ძალიან ბევრი დეტალური საკითხი იყო წარმოდგენილი, განსაკუთრებით იმ პროექტის, რომელიც არის "ნაბიჯი უკეთესი" მომავლისკენ, რომელიც დაიწყო და გარკვეულ შედეგებს გვაძლევს. ბუნებრივია, ყველა ამ საკითხის საჯაროდ განხილვა, თავისი სენსიტიურობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწოლილი. ის, რომ ოპოზიცია მშვიდად უსმენს და ღებულობს მონაწილეობას დისკუსიაში, ესეც ამის მანიშნებელია," - განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თავად მინისტრმა კი, ოპოზიციის აქცენტებს სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაზეც ღიად საუბარი დასაშვებია მედიასთან უკვე ისაუბრა.
"ვისაუბრე იმაზე, თუ რა ხდება გამოყოფ ხაზს მიღმა სოფლებში, იმაზე თუ რას ვაკეთებთ 116 სოფელში მცხოვრები 50 ათასი ადამიანის დასახმარებლად და რას გავაკეთებთ მომავალში. მეტი განვითარება, მეტი დახმარება, მეტი განათლება იქნება ჩვენი ქმედითი პასუხი მავთულხლართებზე, გარდა მთელი რიგი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმებისა, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად განახორციელებს," - აღნიშნა ციხელაშვილმა.