უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენა პარლამენტში ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მიქაუტაძეს სახელისუფლებო გუნდთან პირდაპირ კავშირში ადანაშაულებს და "სასამართლო კლანის" წევრად მოიხსენიებს. მიქაუტაძის წარსული საქმიანობა გააკრიტიკეს უმრავლესობის წევრებმაც, დღეს მიქაუტაძეს გაუხსენეს 2012 წელს "ქართული ოცნების" 17 შემომწირველის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებაც.
გიგა ბუკიას თქმით, მიქაუტაძემ გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე მიიღო, ბუკია სწორედ ამ 17 დაჯარიმებულ ადამიანში შედიოდა.
"მაშინ მოგიტანეთ დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩანიშნეთ სასამართლო, მე წინასწარ მზად ვიყავი და წინასწარ მზად მქონდა საბანკო ამონაწერი გამზადებული. განახეთ, რომ საბანკო ანგარიშზე მქონდა 60 ათასი ლარი და იქიდან გადმოირიცხა ეს თანხა და თქვენ მე დამაჯარიმეთ 177 ათასი ლარით. რითი ისარგებლეთ, ჩემი მტკიცებულება რატომ არ მიიღეთ მტკიცებულებად, არ არის მითითებული გადაწყვეტილებაში,"- მიმართა გიგა ბუკიამ მიქაუტაძეს, რაზეც უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, თვლის თუ არა ის, რომ 2012 წელს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო:
"მიგაჩნიათ, თუ არა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ? დამოუკიდებლად და თქვენზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია გარე ფაქტორებს?" - მიმართა ბოკუჩავამ მიქაუტაძეს, რაზეც მიქაუტაძისგან მიიღო პასუხად, რომ ის დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.
"ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა გიორგი მიქაუტაძეს მისი მეუღლის შესახებ დაუსვა შეკითხვა, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
გოგორიშვილი დაინტერესდა, რატომ დაიხურა სხდომა, როდესაც საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე მისი მეუღლე მაია კვირიკაშვილი გავიდა. მიქაუტაძემ ეს ყველაფერი ცილისმწამებლური კამპანიის მიზეზით ახსნა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში მოსამართლეების წინააღმდეგ ასეთი კამპანია იყო და გასაუბრების დახურვის უფლებით თითქმის ყველა მოსამართლემ ისარგებლა.