18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების, ჯერი კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერის (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარდამჭერ აქტს 30-მდე თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიებიდან.

წარმომადგენელთა პალატაში განხილვამდე კანონპროექტი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.

ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესმენები მხარდაჭერას გამოხატავენ და ხაზს უსვამენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა, თუ ძალადობის გარეშე.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს - საქართველოსთან კონსულტაციის გზით, გააძლიეროს საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თვითდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნისადმი აშშ-ის შესაბამისი დახმარების გზით.

დღის ამბები