ორპარტიული აქტი, რომელსაც კონგრესმენებმა მხარი ერთობლივად დაუჭირეს, ოფიციალური თბილისისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია შტატებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა კარგად განსაზღვრონ - ვინ არის ქვეყნის მეგობარი და ვინ - მტერი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარდაჭერის ორპარტიული აქტის მიღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მხარდამჭერ აქტში ძალიან დეტალურად და მკაფიოდ არის გაწერილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები.
"ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უსაფრთხოება და თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც გვაქვს ჩვენს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, ეს საკითხები მხარდამჭერ აქტში ასახულია ძალიან დეტალურად და მკაფიოდ და ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.