საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქველმოქმედების აქტზე შეტევის მიტანა უსამართლობაა. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადარჩენის ფონდში გადარიცხულ 1,1 მილიონთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა:
"ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო. ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში, ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. ამ დროს როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და მეტსაც გეტყვით, ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობისა, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ... ეს არ არის ჰაერზე მოტანილი ციფრები, 3 მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაზე დახარჯული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.