საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციულ გზავნილს თბილისში ეხმაურებიან. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, თითქოს ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ, დეზინფორმაციას უწოდებს და პროვოკაციულს უწოდებს.
რაც შეეხება ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას, მინისტრის თქმით, რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა უკვე შედგა და მომავალშიც იგეგმება.
"ცხადია, ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ, ქართული მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს," - აცხადებს ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს. "ადმინისტრაციულ ხაზთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნამ შესაძლოა შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს", - წერია ე.წ. "უშიშროების კომიტეტის" განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ. მათი თქმით, შეზღუდულია აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილება, რათა ადგილზე არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება ვერ მოხერხდეს.