საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წნელისთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები დროებით დააკავეს და ე.წ საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. საგარეო უწყების წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს:
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას, კერძოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, შესაბამისად მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელისშეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა კონსტანტინიდმა.