საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხილვა გრძელდება - სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას კაჭრეთში მართავს. ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სრულად მოისმენენ ოპოზიციის შენიშვნებს და რეკომენდაციებს, ასევე მზად არიან გაითვალისწინონ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომელიც უკვე გაცემულია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ კონსტრუქციული პროცესი, და მათი მხრიდან არის ყველა პირობა შექმნილი იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან მაქსიმალური შეთანხმებით მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება როგორიც არის პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა, მედიაზე წვდომა, საეთერო დროის განაწილება, კამპანიის ჩატარების წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ მოხდება საბოლოო ვარიანტის წარდგენა, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს და განხილვის თემა ამ სამუშაო ჯგუფში მთავარი ცვლილებები იქნება ის, რომელიც უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში. ირაკლი კობახიძის თქმით, გამოყოფილია 2 დღე, რომელსაც დაუთმობენ ამ საკითხებს და დარწმუნებულია, რომ ცვლილებებზე შეჯერება საბოლოოდ ფართო კონსესუსით მოხერხდება.
დღეს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც გააკეთა. თამარ ჟვანია ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თვითონ პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულად, დროულად დასრულდეს და დროულად აისახოს საკანონმდებლო ცვლილებები კანონში იმისათვის, რომ საკმარისად ადრე იყოს ცნობილი ის თამაშის წესები, რომლითაც არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარდეს.