განთავსდება თუ არა ახალქალაქში სირიიდან წამოსული ამერიკული ჯარი - ამერიკელი ანალიტიკოსის, ლუკ კოფის იდეას ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ლუკ კოფი არის ექსპერტი და მისი იდეა ამერიკის სახელმწიფოს პოზიციას არ ნიშნავს, თუმცა ელენე ხოშტარიას განცხადებით, მსგავსი შინაარსის წინადადებები საქართველომ "უნდა გამოიყენოს".
"ეს განცხადება არ ნიშნავს ამერიკის სახელმწიფოს პოზიციას ჯერ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნატოში ინტეგრაციაზე დაიწყო რასმუსენმა ლაპარაკი, მანამდე ამერიკაში იყო ეს დისკუსია, რომ შევიდეს საქართველო ნატოში. როდესაც ესეთი განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა მოვეჭიდოთ, ეს უნდა გამოვიყენოთ და ამაზე გავაგრძელოთ, მათ შორის ოფიციალურ სახელმწიფოებთან, ამერიკის მთავრობასთან მუშაობა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ანალიტიკოსი ლუკ კოფი "twitter-ზე" წერს, რომ შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს შესაძლებელია საქართველოში გაიგზავნოს და "ჰორიზონტს მიღმა" ძალად იქცეს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს გაძლიერების შემთხვევაში სწრაფად უპასუხებს.
ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ შტატებს ახალქალაქში ძველი რუსული ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც ქალაქ რაქადან 740 კილომეტრითაა დაშორებული. მისი თქმით ამჟამად საქართველო უფრო საიმედოა ვიდრე ერაყი.