"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ლუკ კოფის ინიციატივას ეწინააღმდეგება.
ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ამერიკელი ექსპერტის ინიციატივას ხელისუფლება ოფიციალურ დონეზე არ მიიღებს და "სულელურ ნაბიჯს" არ გადადგამს. ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი კონფლიქტური ზონა წარმოიშვას.
"მინდა რომ დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი წინადადება ოფიციალურ დონეზე არ გახმოვანდება და არ იქნება შემოთავაზება. დარწმუნებული მინდა ვიყო იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ესეთ სულელურ ნაბიჯს შემოთავაზების შემთხვევაშიც კი, არ გადადგმას ხელისუფლება და არ დაეთანხმება. ამას შეიძლება მოჰყვეს, საქართველოში კიდევ დამატებითი კონფლიქტური ზონების წარმოქმნა და ძალიან სერიოზული პრობლემები ჩვენი ქვეყნისთვის," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა "twitter-ზე" დაწერა, რომ შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს შესაძლებელია საქართველოში გაიგზავნოს და "ჰორიზონტს მიღმა" ძალად იქცეს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს გაძლიერების შემთხვევაში სწრაფად უპასუხებს.
ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ შტატებს ახალქალაქში ძველი რუსული ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც ქალაქ რაქადან 740 კილომეტრითაა დაშორებული. მისი თქმით ამჟამად საქართველო უფრო საიმედოა ვიდრე ერაყი.