18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ლუკ კოფი საქართველოს ინტერესების გატარებაზე საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ ზრუნავს - ანალიტიკოსები კოფის განცხადებას აფაასებენ

შეუძლია თუ არა ამერიკას ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზის გამოყენება - ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი განიხილავს იდეას, რომ სირიიდან წამოსული შეერთებული შტატების ჯარი საქართველოში გამოიგზავნოს. იდეის ავტორი საქართველოს განიხილავს როგორც ბევრად საიმედოს, ვიდრე შესაძლოა დღეს ერაყი იყოს. ლუკ კოფიმ საკუთარი მოსაზრება "twitter-ზე" დაწერა, რის შემდეგაც საკუთარი ინიციატივა ისევ დააზუსტა და განმარტა, რომ ინიციატივა მისივე ინფორმაციით, რუსეთის შეკავებასაც შეუწყობს ხელს.

ლუკ კოფის განცხადებას, რომელიც "twitter-ზე" იყო გავრცელებული ანალიტიკოსებიც აფასებენ და ამბობენ, რომ ხშირად ლუკ კოფი საქართველოს ინტერესებს როგორც ევროპას ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს აცნობს და ხშირ შემთხვევაში საქართველოს ინტერესების გატარებაზეც ზრუნავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამას ანალიტიკოსი ხშირად საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთაც ახორციელებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ანალიტიკოსების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა ორ ქვეყანას შორის - თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დაიძაბოს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ხელისუფლებას რუსული სახელმწიფო მიტაცების ერთ-ერთ მთავარი ინსტრუმენტს უწოდებს. ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იგივე მეთოდებით სწორედ რუსულ სახელმწიფო მიტაცებას ემსახურებიან. 

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ქართული ხელისუფლების პოზიციას, რომელიც არა მარტო იდეებს არ ითვალისწინებს, არამედ ცდილობს, რომ ყველანაირი დისტანცირება მოახდინოს, სამწუხაროს უწოდებს. ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი "მოსკოვი არ გავაბრაზოთ" პოზიციას იკავებს, რაც მისი თქმით ძალიან ცუდია იმიტომ ,რომ იდეებს, რომლებსაც სახელმწიფო პატრონობა სჭირდება სამწუხაროდ კვლავ იდეების დონეზე რჩებიან.

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამ ეტაპისთვის ლუკ კოფის განცხადების სერიოზულად განსახილველად თავს იკავებს, რადგანაც აშშ სამთავრობო სტრუქტურებში იდეის დონეზეც კი არ განიხილავს ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზის გამოყენება. ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივებით აჟიოტაჟის ატეხვა საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნება და შესაძლებელი ამან მხოლოდ საფრთხეები გაზარდოს. ექსპერტის თქმით, აღნიშნული საკითხი დახურულ კაბინეტებში არის განსახილველი.

დღის ამბები