ლუკ კოფის განცხადება დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრებმაც შეაფასეს.
თინა ხიდაშელი უკვე წლებია ამერიკული ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრობს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის მშიშარა, რომელიც ვერ შეძლებს რუსეთის ინტერესებს უარი უთხრას.
ლუკ კოფის განცხადებას დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის შიში აქვს და აბსოლუტურად მცდარი ხედვა გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთი არაფერს სცემს პატივს გარდა ძალისა. მისი თქმით, ვითარება, რომელიც რეგიონში გლობალურად არსებობს, რამდენიმე თვეში არ მოგვარდება, შაშკინი ამბობს, რომ ასეთი ვითარება საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქნება.
"ჩვენ რომ გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება, ბუნებრივია, ის ამას გამოიყენებდა," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.