18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"ეს ის ხალხია, რომლებიც თავის ბუნებით არიან მავნებლურად განწყობილი" - უმრავლესობა ივანიშვილის ინიციატივაზე ოპოზიციის კრიტიკას აფასებს  

ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს მსგავს ინიციატივებს, მათ ასეთი ინიციატივები აღიზიანებთ ხოლმე  - ასე ეხმაურება ოპოზიციურ სპექტრში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას მამუკა მდინარაძე. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის განხორციელებით, წყალტუბო უახლოეს მომავალში ტურიზმისა და ჯანმრთელობის ცენტრი გახდება.

"წყალტუბო ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი რეგიონში, ჩვენს ქვეყანას მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურისტს.... ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს მსგავს ინიციატივებს ხშირად და დღესაც ამას ვხედავთ, აღიზიანებთ ხოლმე მათ ასეთი ინიციატივები - აცხადებს მდინარაძე.

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

"ეს ის ხალხია, რომლებიც თავის ბუნებით არიან მავნებლურად განწყობილი და მე არ მგონია, რომ ოდესმე ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევთანხმდებით. საქართველო მუდმივია, ჩვენ არავინ მუდმივები არ ვართ. ამ მუდმივ პრინციპებს უნდა ემსახურებოდეს ადამიანი, იმ რესურსებით რაც გააჩნია. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების კრედო“ - განაცხადა ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კურორტზე არსებული ყველა სასტუმროს შეძენას აპირებს და ბიზნესსექტორს თანამშრომლობას სთავაზობს. საკმაოდ ვრცელი განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამავე განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი წერილის გამოქვეყნების მიზეზებსაც განმარტავს. "ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს“
– წერს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც facebook-ზე პარტია "ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

 

დღის ამბები