"შმაქსის" მძღოლებმა ქალაქის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. პარტია "გირჩი" და "შმაქსის" მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს უპირისპირდებიან.
"გირჩში" ამბობენ, რომ "შმაქსს" პოლიტიკურად დევნიან. ზურაბ ჯაფარიძემ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა, მათი მთავარი მოთხოვნაა - შეწყდეს "შმაქსების" დევნა. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში "გირჩი" საპროტესტო აქციებს აანონსებს.
"სამი მოთხოვნაა: ერთი ის, რომ საპატრულო პოლიციამ დაანებოს ველურ და პოლიციელისთვის სამარცხვინო ქცევას თავი და შეეშვას "შმაქსისტებს". მეორე - პირველი ოქტომბრის შემდეგ რა ჯარიმებიცაა გამოწერილი, ყველა გააუქმონ, შმაქსისტებისაც და არაშმაქსისტებისაც და მესამე მოთხოვნა - ტაქსების ე.წ. რეფორმა გაჩერდეს. ეს ხალხი პასუხს ელოდება დღესვე, საჯაროდ, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია მიიღებს მასშტაბურ ხასიათს და ყოველ კვირაში ერთხელ, იგივე დროს, უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი ხმაურით მოვალთ," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"შმაქსების" მძღოლებსა და "გირჩს" დღეს თბილისის მერმა უპასუხა.
"როდესაც კანონს არღვევ - დაგაჯარიმებენ, როდესაც რაღაცას კანონის წინააღმდეგ ვაკეთებთ, კანონი მოქმედებს... ჩვეულებრივი მომენტია. უნდა ექვემდებარებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც არის მოთხოვნილი. ამ ყველაფრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ არავის არ ვზღუდავთ, ყველას აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას,"- განაცხადა კახა კალაძემ.