პარლამენტში, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პროექტის გადარჩენის 3-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა გეგმის შესახებ მთავრობა ზაფხულის შემდეგ იყო ინფორმირებული. ახვლედიანის განმარტებით, ერთ-ერთი პუნქტი მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობას ეხება, ხოლო ორ დანარჩენ პუნქტში კი საუბარია საკითხებზე, რაშიც მთავრობა უნდა ჩაერთოს.
"ეს დაკმყოფილდება, პროექტი შედგება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - ლაპარაკია საერთაშორისო ბანკების მიერ სესხის გარანტიის შექმნაზე, რომელიც ნაწილობრივ უზრუნველყოფს სესხის უზრუნველყოფას. ეს არის ვარიანტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას - 150 მილიონის მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა კონსორციუმის ინვესტორები 50 მილიონით, ევროკავშირი 50 მილიონით, მაგრამ ევროკავშირმა დააყენა წინაპირობა, რომ მთავრობამაც დადოს 50 მილიონი. მთავარი ასევე არის პორტოპერატორის მიერ დაყენებული ახალი მოთხოვნა 2019 წლის ზაფხულში, რომელიც ითვალისწინებს მთავრობამ არ გაუწიოს კონკურენცია ანაკლიის პორტს თავისი ინვესტირებით ან სხვა რესურსით სხვა ღრმაწყლოვან პორტს, სანამ ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა არ იქნება მიღწეული 70%-იანი უტილიზაციამდე. ინვესტორების მოთხოვნა არის ის, რომ ამ რთულ ვითარებაში მთავრობამ პირდაპირ დაინტერესებულ კანდიდატებს, რომელიც გამოთქვეს ინტერესი ამ პროექტის ინვესტირებაში გამოუცხადოს მხარდაჭერა," - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.