პარლამენტში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორ ლევან ახვლედიანთან შეხვედრამ ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო მცირე ინციდენტიც, რის შემდეგაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც შეხვედრის მონაწილეებმა დავით ჭიჭინაძეს სთხოვეს, რომ სხვა მონაწილეებისთვის მიეცა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, ამან კი მისი განაწყენება გამოიწვია და შეხვედრა დატოვა.
როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანაკლიის პროექტის პერსპექტივას ვერ ხედავს და სკეპტიკურად უყურებს.
"მეტისმეტად გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ პროექტის მეპატრონეებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. აქ პირდაპირ იკვეთება, რომ წინა პრემიერ-მინისტრის პირობებში პროექტს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და წინსწრებად მიდიოდნენ ყველაფერზე და ბევრ რამეს მერე ცდილობდნენ, რომ დაეკორექტირებინათ და მთავრობაზე მეტი და მეტი პასუხისმგებლობა აეღებინებინათ. შესაბამისად, ახალ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ეს არის დაპირისპირების უდიდესი ფაზა და საკმაოდ უჭირს ამ პროექტს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.