"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, წმინდა სინოდი ქართველი მართლმადიდებლების ინტერესებს ვეღარ გამოხატავს. მისი თქმით, ეკლესია პრობლემებს თავად ვეღარ აგვარებს.
დავით ბერძენიშვილი სისტემურ პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკვე ათეული წელია, ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთშია "შეზრდილი".
"ამოხეთქა, ჭირმა თავი არ დამალა. მალეს, ათეული წლების განმავლობაში იმალებოდა. არ შეიძლება თუ გინდა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლება, უნდა გათავისუფლდე პოსტსაბჭოურობისგანაც. არ შეიძლება ხელისუფლებასთან ასე შეზრდილი ეკლესია. შევარდნაძე და ილია მეორე, ეს არის მთელი ეპოქა, რომელიც 40 წელზე მეტი ამ ქვეყანას ახასიათებდა. ცეკას მდივანი შევარდნაძე, მერე პრეზიდენტი შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, იცვლებოდნენ ხელისუფალნი, ერთი და იგივე რჩებოდა ილია მეორე. მაგრამ ერთი და იგივე იყო სისტემა, ხელისუფლებასთან შეზრდილი ეკლესია, ანუ სახელმწიფოსთან შეზრდილი ეკლესია,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი.